მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ქაბულში ცხრა ჟურნალისტი დააკავა, მათ შორის არის „ბიბისის“ ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორსი
მედიის ცნობით, „თალიბანმა“ ქაბულში ცხრა ჟურნალისტი დააკავა, მათ შორის არის „ბიბისის“ ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორსი

​„თალიბანმა“ ქაბულში ცხრა ჟურნალისტი დააკავა, მათ შორის ორი უცხოელი. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის „ბიბისის“ ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორსია, რომელიც ამჟამად გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ არის დაქირავებული და ავღანეთის ჰუმანიტარულ კრიზისს აშუქებს. ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ გვერდ „ტვიტერში“ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა გაავრცელა.

ნორსის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ასევე ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ დაადასტურა. „ენდრიუ ქაბულში მუშაობდა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის და ცდილობდა ავღანელი ხალხის დახმარებას. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ მისი უსაფრთხოებით და მოვუწოდებთ გავლენის მქონე ნებისმიერ ადამიანს, დაგვეხმარონ მის გათავისუფლებაში“, – ნათქვამია ნატალია ანთელავას მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰედმა. მისი თქმით, აღნიშნული პირები იმიტომ დააკავეს, რომ მათ არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, შესაბამისი ნებართვა და სხვა დოკუმენტაცია. მისი თქმით, დაკავებული პირები გათავისუფლებული არიან, თუმცა, როგორც მედია წერს, ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არის.