უეფა-მ შეიძლება სანქციები დაადოს „პარი სენ-ჟერმენს“ იმ ვალის გამო, რომელიც კლუბს გააჩნია „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს მიმართ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) დაავალდებულა პარიზული კლუბი 55 მილიონი ევრო გადაეხადა მბაპესთვის, რომელიც ზაფხულში უფასოდ გადავიდა „რეალში“. ამ თანხაში შედის გადაუხდელი ხელფასი და ბონუსები.
გაზეთ L’Equipe-ის ინფორმაციით, 20 დეკემბერს იურისტებმა, რომლებიც მბაპეს ინტერესებს წარმოადგენენ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის უმაღლეს სააპელაციო კომისიაში სარჩელი შეიტანეს მოთხოვნით – დაუწესონ „პარი სენ-ჟერმენს“ სანქციები დავალიანების გამო.
უეფა-ს რეგლამენტის თანახმად, ევროთასებში მონაწილე კლუბებს არ უნდა ჰქონდეთ დავალიანება თავიანთი წევრების წინაშე 15 ივლისის, 15 ოქტომბრისა და 15 იანვრის მდგომარეობით.