პსჟ-ს მბაპე იაპონიაში შეკრებაზე აღარ მიჰყავს - თავდამსხმელმა „რეალთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
პსჟ-ს მბაპე იაპონიაში შეკრებაზე აღარ მიჰყავს - თავდამსხმელმა „რეალთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ გადაწყვიტა, თავდამსხმელი კილიან მბაპე იაპონიაში წინასასეზონო საწვრთნელ შეკრებაზე არ წაიყვანოს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელს „ლე ავრთან“ ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ აცნობეს, რომელიც პარასკევს, 21 ივლისს პსჟ-ის ბაზაზე გაიმართა და მბაპემ ერთი გოლი გაიტანა.

„კლუბში მიიჩნევენ, რომ თავდამსხმელმა, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება, მადრიდის „რეალთან“ პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა – მბაპე „სამეფო კლუბში“ ყოველწლიურად 54 მილიონ ევროს მიიღებს.

მადრიდის „რეალი“ არ აპირებს, პსჟ-დან მბაპეს ტრანსფერში 180 მილიონ ევროზე მეტის გადახდას, ფრანგულ კლუბს კი სურს, რომ დამატებითი ბონუსების სახით დაახლოებით 47 მილიონი ევრო მიიღოს. ეს საკითხი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა, პრობლემად იქცეს, მაგრამ პსჟ-ი იძულებული გახდება, ფეხბურთელი მაინც გაყიდოს, რათა 2024 წლის ზაფხულში საერთოდ უფასოდ არ მოუწიოს მისი გაშვება“, – წერს „ეკიპი“.