პსჟ-ს აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ შესახებ ფრაგმენტის მოშორება სურდა - კლუბი უსმან დემბელეს უჭერს მხარს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენს“ სურდა აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუდან მოეშორებინა ფრაგმენტი „ოქროს ბურთის“ შესახებ.
ერთი დღით ადრე პარიზელთა მარჯვენა მცველმა Canal+-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმსახურებს „ოქროს ბურთს“: „მე ისტორიული სეზონი ჩავატარე – ბევრს ფეხბურთელს არ აქვს გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში. მცველისთვის ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია“.
როგორც გაზეთი L’Équipe-ი ამტკიცებს, პსჟ მხარს უჭერს უსმან დემბელეს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში, მაგრამ არავის განაწყენება არ სურს და ღიას ტოვებს კარს სხვა კანდიდატებისთვის, მათ შორის, ჰაკიმისთვის.
ამასთან, კლუბი აცნობიერებს ჰაკიმის ინტერვიუს პროვოკაციულ ხასიათს, რამაც შეიძლება არასასურველი ხმაური გამოიწვიოს, ამიტომაც სცადა „ოქროს ბურთის“ შესახებ ფრაგმენტის წაშლა. მაგრამ ჰაკიმი არ დაეთანხმა კლუბს, რადგან მიაჩნია, რომ აქვს პრიზის მოპოვებაზე საკუთარი სურვილის გამოხატვის უფლება.
წყაროს ცნობით, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „პარი სენ-ჟერმენმა“ განაცხადა, რომ „ძალიან მშვიდადაა“ და „სრულად კონცენტრირებულია“ ევროპის სუპერთასისთვის მზადებაზე, რომელიც 13 აგვისტოს გაიმართება.
ამასთან, პსჟ უარყოფს ყოველგვარ ჩარევას, მაგრამ L’Équipe-ი დარწმუნებულია თავის ინფორმაციაში.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი 22 სექტემბერს გამოვლინდება.