„პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლიდან“ ფორვარდ ვიქტორ ოსიმჰენის შეძენისთვის ემზადება. პარიზული კლუბი მზად არის, ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რამდენიმე დღის წინ იტალიის ჩემპიონის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ოსიმჰენთან კონტრაქტის ორი წლით გაგრძელებაზე, მაგრამ, ამასთან, აღნიშნა, რომ თუ ნეაპოლელები ნიგერიელის ტრანსფერზე ისეთ წინადადებას მიიღებენ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, მაშინ განიხილავენ ფეხბურთელის გაყიდვას.
გამოცემა Sportitalia-ს ექსპერტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, ასეთი წინადადება, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენიდან“ წამოვიდეს. შედეგიანობაზე ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის თანხა 150 მილიონ ევრომდე მიაღწევს. ადრე წერდნენ, რომ სწორედ ამ თანხის მიღება სურს „ნაპოლის“ 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ.
ოსიმჰენი „ნაპოლიში“ 2020 წელს „ლილიდან“ გადავიდა 75 მილიონ ევროდ. 2022-23 წლების სეზონში მან 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.