პსჟ-მ პოჩეტინოს გაშვება გადაწყვიტა, კომპენსაცია 15 მილიონი ევრო იქნება #1TVSPORT
გაზეთ „თაიმსის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ასრულებს მთავარი მწვრთნელის მაურიციო პოჩეტინოს განთავისუფლების პროცესს. ძირითადი მიზეზი – გუნდის წარუმატებელი გამოსვლაა ჩემპიონთა ლიგაზე. პოჩეტინო და მისი შტაბი კოპენსაციის სახით 15 მილიონ ევროს მიიღებს.
„პარი სენ-ჟერმენისთვის“ პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება ზინედინ ზიდანის დანიშვნა, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, „რეალის“ ყოფილ დამრიგებელს სურს საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შეცვლა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ.
ასევე „პარი სენ-ჟერმენში“ იციან, რომ გუნდთან მუშაობით დაინტერესებულია ანტონიო კონტე, რომელიც დღეს „ტოტენჰემს“ ავარჯიშებს. იტალიელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ერთი წლის შემდეგ იწურება. კონტეს სურს „ტოტენჰემისგან“ გარანტიების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულში გუნდის შემადგენლობა გაძლიერდება. კონტე მზად არის წავიდეს, თუ ეს არ მოხდება.
თუ იტალიელი დატოვებს „ტოტენჰემს“, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ გუნდში პოჩეტინო დაბრუნდება. ასევე არგენტინელი სპეციალისტით „ნიუკასლიც“ არის დაინტერესებული.