პსჟ ეჭვმიტანილია „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორთა მოსყიდვაში 2021 წელს ლიონელ მესის გამარჯვებისთვის #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გაზეთმა, Le Monde-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ ეჭვმიტანილია 2021 წელს „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორთა მოსყიდვაში.
პუბლიკაციის თანახმად, არგენტინელმა ლიონელ მესიმ 2021 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო მხოლოდ იმის წყალობით, რომ მისმა მაშინდელმა კლუბმა, პსჟ-მა იყიდა ხმის მიცემის პროცედურა. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ პარიზული კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ჟან-მარსიალ რიბესმა 2021 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის წინ ჟურნალ France Football-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს, პასკალ ფერეს რამდენიმე საჩუქარი გაუკეთა, რათა მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 2020 წელს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ფერესთან, 2021 წლის მარტში კი მიიწვია ის „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე და უზრუნველყო ყოფილი რედაქტორის ფრენა ბიზნესკლასით.
საფრანგეთის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება მექრთამეობის შესაძლო ფაქტზე. რიბესი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ დაპატიმრებულია სხვადასხვა ფინანსური დარღვევის გამო.
2021 წელს ლიონელ მესიმ კარიერაში მეშვიდედ მოიგო „ოქროს ბურთი“. მაშინ არგენტინელმა 613 ხმა დააგროვა და უკან ჩამოიტოვა რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.