პროკურორი - ზვიად კუპრავამ გამომძიებელს განუცხადა, რომ არ იცოდა, სად იყო ჩანაწერები, რომლებზეც საუბრობდა
პროკურორი - ზვიად კუპრავამ გამომძიებელს განუცხადა, რომ არ იცოდა, სად იყო ჩანაწერები, რომლებზეც საუბრობდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს ორგანიზაცია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ზვიად კუპრავა.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გვესმის ბატონი კუპრავასგან ისეთი არგუმენტები და განცხადებები, რომლებიც საფუძვლებს მოკლებულია. მან ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც მოწმეზე ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, განაცხადა, რომ გააჩნდა ტელეფონი, ასევე ჩანაწერები, სადაც შესაძლებელია ყოფილიყო ის ინფორმატიული მასალა, რაზეც დაყრდნობითაც გამოძიება მიიღებდა შემდგომ მნიშნელოვან გადაწყვეტილებას. როდესაც გამომძიებელი მივიდა მასთან და სთხოვა აღნიშნული მასალის წარმოდგენა, განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ სად იყო მის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ასევე მობილური ტელეფონი. მიმაჩნია, რომ როგორც ბატონი კუპრავას განცხადებების შინაარსიდან იკვეთება, აღნიშნული ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს – საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი პროკურორი, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, მირზა სუბელიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველ კადრებს ინახავს. მისი თქმით, მირზა სუბელიანი პროკურატურას კადრებით აშანტაჟებს.

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილი პროკურორი, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, მირზა სუბელიანი დაიკითხოს.