პროკურორი - საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას
პროკურორი - საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას

საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ძირითადად მოპოვებულია გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2018 წელს, ხოლო ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

„საქმეში არის შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებები, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომელსაც ბრალდებულ მ.კ.-ს შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ, ასევე ექპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. მტკიცებულებების უმრავლესობა, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალდების დადგენილებას, მოპოვებული იქნა გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო ბრალდებისთვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად, შესაბამისად, ის კვალიფიკაცია, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად, სწორედ ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა, რომ მ.კ-ს წარედგინა ბრალი. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მ.კ-ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. მეტი დაკონკრეტება არ შემიძლია“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავა. 5 ივნისს კი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

დატოვე კომენტარი