პროკურორი - ნიკა მელიას საქმეზე დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა სხდომის გადადების შუამდგომლობა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით იყო დასაბუთებული
პროკურორი - ნიკა მელიას საქმეზე დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა სხდომის გადადების შუამდგომლობა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით იყო დასაბუთებული

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით უნდა წარმდგარიყო, თუმცა სხდომაზე მოუმზადებლები გამოცხადდენ, რის გამოც სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.

მისივე შეფასებით, პროცესის გადადების შუამდგომლობა დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით.

პროკურორი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

„სხდომაზე, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე ფაქტობრივად გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რომელიც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის შეთავაზებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, გულუაშვილის განმარტებით, პროკურატურის შეათავაზება ძალაშია.

„დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ისარგებლოს ამ შეთავაზებით, რომელიც გულისხმობს – თუ დაცვის მხარე შეასრულებს გირაოს პირობებს, ბრალდების მხარე არათუ დაეთანხმება ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას, არამედ თავად იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი.

ეს შეთავაზება ჩვენ როგორც საჯაროდ, ისე სასამართლო სხდომათა დარბაზში არაერთხელ განვაცხადეთ და დაცვის მხარე ინფორმირებულია ამ პოზიციის შესახებ. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, არც დაცვის მხარეს და არც სხვა პირს დაცვის მხარის და ბრალდებულის სახელით არ მოუმართავს პროკურატურისთვის გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ შორის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატს არ უსაუბრია ამ საკითხზე და არც ჩვენთან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია.

ჯერ კიდევ 2019 წლის 25 ივნისს ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული იყო გირაო, გირაოს გამოყენების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა არაერთი ინსტანციის სასამართლომ და მიიჩნია დადასტურებულად, რომ უნდა გამოყენებულიყო ეს აღკვეთის ღონისძიება. ამის შემდგომ, დაახლოებით, წელიწადნახევარი ნიკა მელია ასრულებდა აღკვეთის ღონისძიების პირობებს, შემდეგ მან აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული ერთ-ერთი ღონისძიება -ელექტრონული მონიტორინგი ფაქტობრივად დაარღვია, მოიხსნა და გადააგდო ელექტრონული სამაჯური. ამის შემდგომ მის მიმართ გამოყენებული იყო კიდევ გირაოს აღკვეთის ღონისძიება ვთვლიდით რა, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც შესაძლებელი იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების პირობები. თუმცა, გირაოს მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული შეასრულებს გირაოს პირობებს და დაექვემდებარება იმ სამართლებრივ მოცემულობას, რაც დადგენილია აღკვეთის ღონისძიების წესებით. იმის გათვალისწინებით, რომ ვერც ერთმა სხვა მსუბუქმა აღკვეთის ღონისძიებამ ვერ შეძლო აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, რჩებოდა ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობის გამოყენებაზე და ეს პატიმრობა იქნა გამოყენებული.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ გირაოს პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იყო საქმის განხილვა გირაოს გამოყენების პირობებში. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე ერთ შემთხვევაში არღვევდა კანონს, მეორე შემთხვევაში უარს ამბობდა ამგვარ, უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებაზე, რამაც შექმნა ასეთი მოცემულობა.

ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული იქნა პატიმრობა, რადგან სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, რაც ძალიან ცხადად იყო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში და საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი“, – აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორი ამირან გულუაშვილი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროკურატურა არ მონაწილეობს კანონის მიღების პროცესში და ექვემდებარებიან იმ სამართლებრივ წესებს, რაც კანონის სახით საკანონმდებლო ირგანოს მიერ განისაზღვრება.

„იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კანონის მიღება, რომელზედაც საჯაროდ არის საუბარი და იარსებებს ამ კანონის საბოლოო ტექსტი, პროკურატურა იმოქმედებს იმ წესების შესაბამისად, რაც კანონში იქნება მოცემული.

ამ ეტაპზე პროცესის ინიცირება ვერ მოახდენს გავლენას სისხლის სამართლის საქმეზე. ამნისტიის გამოყენების საკითხზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც კანონად იქნება ჩამოყალიბებული და ძალაში შესული,

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს და დაცვის მხარის მცდელობასაც, აბსოლუტურად ყველა განცხადება, მოსაზრება, მათ შორის სამართლებრივი შუამდგომლობა პოლიტიკური არგუმენტებით გაამყარეს, როდესაც მარტივია სამართლებრივი არგუმენტების მოძებნა. ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია და სურვილი, ბრალდებულის პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, თავისი ინტერესების შესაბამისად როგორ გამოიყენებს სისხლის სამართლებრივ საქმეს. ბუნებრივია, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ პოლიტიკურ მსჯელობასა და პოლიტიკური საკითხების შეფასებაში ვერ შევალთ. ერთი მოცემულობაა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენი შეთავაზება არაერთხელ იქნა გაჟღერებული, მეორე, როგორც ვიცით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელმაც უნდა მიიღოს კანონის საბოლოო სახე“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს მოუწოდებს, პოლიტიკური არგუმენტებიდან სამართლებრივ არგუმენტებზე გადავიდეს და გაეცნოს იმ მტკიცებულებებს, რაც საქმეშია წარმოდგენილი.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დააყენა. მისი თქმით, ინიცირებულია ამნისტიის კანონპროექტი და აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პროცესის გადადება, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.