პროკურორი - მიხეილ რამიშვილის ინტერესში უნდა შედიოდეს, მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა უკვე ორჯერ გაიქცა
პროკურორი - მიხეილ რამიშვილის ინტერესში უნდა შედიოდეს, მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა უკვე ორჯერ გაიქცა

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა როგორც გუშინ, ისე დღეს გაურკვეველი მიზეზით დატოვა ექსპერტიზის ბიურო და არ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო პროცედურაში.

მისი შეფასებით, მიხეილ რამიშვილი ემოციური ფონის შექმნას ცდილობს. პროკურორის განმარტებით, არ არსებობს სხვა ინტერესი, გარდა ფურცხვანიძესთან და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაციისა.

„გუშინ, როდესაც ჩვენ მოვიტანეთ ტელეფონი, მიხეილ რამიშვილმა გაურკვეველი მიზეზით დატოვა ექსპერტიზა. შესაბამისად, შეჩერდა ინფორმაციის გამოთხოვა. ამის შემდგომ დღესაც ანალოგიური მოტივით, გაურკვეველი მიზეზით მან საგამოძიებო პროცედურაში არ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი საკუთარი თავის გარშემო გარკვეული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს. აქ არანაირად არ არის სხვა ინტერესი, არის ფურცხვანიძესთან და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ჩვენ არაერთხელ განვუმარტეთ ბატონ მიხეილს, რომ მიეღო მონაწილეობა, პირველ რიგში მის ინტერესში უნდა შედიოდეს, მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. თუ ინფორმაცია გადაუგზავნა ფურცხვანიძემ, მის ინტერესში უნდა შედიოდეს მონაცემების მიღება, რაც ფიქსირდება ტელეფონში, ფურცხვანიძეს და სატელიტურ ფოტოებს რაც უკავშირდება“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

დავით გუმბერიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება.

„ახლა, არანაირი კლონირება, ინფორმაციის გადმოტანა ან სხვა საქმესთან არაშემხებლობაში ინფორმაციის მოპოვება ჩვენ მიერ არ ხდება. მხოლოდ და მხოლოდ ფურცხვანიძესთან და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის მისი მოსაზრება და ალბათ გარკვეულწილად სჭირდება მისი პოზიციისთვის, ვითომდა ჩვენ სხვა ინფორმაციას ვიპოვებთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროკურატურა იმოქმედებს იმ განჩინების საფუძველზე, რომელიც სასამართლომ მოგვცა.

ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ფაილები. აუდიოების წვდომას რაც შეეხება, ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა მიხეილ რამიშვილთან ერთად, ამ პროცედურას ვუხსნიდით, სასამართლომ რაც განგვისაზღვრა, ეს არის ფურცხვანიძესთან კომუნიკაცია და ფოტოსურათები. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ვოთსაპით არის გადმოგზავნილი, სხვა პირადი ინფორმაცია ჩვენ არ გვაინტერესებს. ამ საქმეში მთავარი ინტერესი უნდა ჰქონდეს თვითონ, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან, შეასრულოს სასამართლოს განჩინება და მიიღოს ის მოცემულობა, რომ საგამოძიებო ორგანო ითხოვს მხოლოდ მისი ჩართულობით ყველა ამ მოქმედების ჩატარებას. ის ორჯერ უკვე გაიქცა და არ მიიღო მონაწილეობა ინფორმაციის გამოთხოვაში“, – განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ ფურცხვანიძის ნაწილში რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციას გამოითხოვენ.

„საგამოძოიებო მოქმედებებს და ინფორმაციის გამოთხოვას ფურცხვანიძის ნაწილში ჩვენ რა თქმა უნდა მოვახდენთ, შესაბამის შენიშვნას შევიტანთ როგორც გუშინდელ საღამოსთან დაკავშირებით, რომ მან გაურკვეველი მიზეზით დატოვა, ასევე დღეს არ მიიღო ამაში მონაწილეობა, თუმცა ჩვენთან როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, თანხმობა განაცხადა, რომ ექსპერტის ჩართულობით მომხდარიყო ამ ინფორმაციის გადმოტანა. ამ ინფორმაციის გადმოტანა მისი თანდასწრებით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ოქმში ხელმომწერად მონაწილეობა არ ისურვა და დატოვა ექსპერტიზის ბიურო, განაცხადა, რომ მე ვტოვებ ტელეფონს, მივდივარ და რა თქმა უნდა ამ ტელეფონზე ჩვენ ინფორმაციის გამოთხოვას მოვახდენთ“, – აღნიშნა პროკურორმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა. ადვოკატის თქმით, სპეციალისტთან ერთად მისი პირადი ინფორმაციების დათვალიერებაზე უარი განაცხადა. რამიშვილი მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

დატოვე კომენტარი