ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა.

ადვოკატის თქმით, სპეციალისტთან ერთად მისი პირადი ინფორმაციების დათვალიერებაზე უარი განაცხადა.

„გუშინ ზუსტად ვანახე ფურცხვანიძესთან მიმოწერები და ექვსივე სურათი, ზარები, როდის განხორციელდა, სქრინებიც გააკეთეს. წამოვედით, რომ სპეციალისტს ენახა, უნდა მომხდარიყო კლონირება. მეგონა, მოხდებოდა იმ ექვსი ფოტოს კლონირება, მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მთელი ღამის განმავლობაში –  სხვადასხვა პიროვნებებთან ზარების გადმოწერა. შეიძლება იყოს ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი კლიენტების, ჩემი ფოტოსურათების, არ ვიცი, რისი კლონირება გააკეთეს. თურმე ახლა უნდა დავჯდე და ამ რამდენიმე ათას სურათში ვეძებო და იმათმაც უნდა უყურონ ჩემს პირად სივრცეში არსებულ სურათებს, უნდა ავარჩიო ის ექვსი ფოტო და მეორე – უნდა ვუსმინო ამ 70 აუდიო ჩანაწერს. შემდეგ თუ არის საქმისთვის მნიშვნელოვანი, უნდა ვასმენინო და რომელიც მოეწონებათ, ის უნდა გადმოიწერონ, იმათთან ერთად დავჯდე, ვუსმინო, ჩემს პირად სივრცეში შემოსულს ვასმენინო პირადი?

როდესაც მობილური მივეცი, ჩაიწერეს დავით ფურცხვანიძეზე და ვოთსაპიდან ამოვიდა მთელი ინფორმაცია, სხვა ინტერესი ის აქვთ, რომ ჩემზე აინტერესებთ. ექვსი სურათის მეტი რომ არ ჩანს არსად, რა საჭიროებას წარმოდგენს, სხვა პირმა შენთან ერთად უყუროს მთელ სურათებს. ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ და არა სპეციალისტი დაასწრონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილი მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩემი ვარაუდია, რომ მაგათ აინტერესებთ ჩემი პირადი ცხოვრება, რამე ისეთი იპოვონ, რომ ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება მოახდინონ. თუ წაშლაზე ეჭვი გააჩნიათ, შეუძლიათ, თავისუფლად დანიშნონ ექსპერტიზა, მაგრამ ექსპერტიზას ვერ ნიშნავენ, მაგის უფლება არ გააჩნიათ. კლონირება რომ დაიწყო, ჩაირთო ჩემს თვალწინ, მაგრამ როდის დამთავრდა, არ ვიცი, არაფერი დაულუქავთ. რომ მივედი დამხვდა ჩართული, ეს გადმოვწერეთო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ გაყალბებსთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღიძრას საქმე.

„ვინ გააყალბა, მაგას ეძებენ, რა თქმა უნდა, მოხდება ჩემს წინააღმდეგ. ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი გადამოწმებას, მე ჯერ გავასაჯაროვე, არ მიმიტანია გამოძიებასთან. მე გადავამოწმე იმ ადამიანთან, რომელმაც თქვა – მე პასუხისმგებელი ვარ, რომ ეს ნამდვილია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.