პროკურორი - ლევან ქარდავამ და სხვა ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ჯემალ შამათავას ბრალდება
პროკურორი - ლევან ქარდავამ და სხვა ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ჯემალ შამათავას ბრალდება

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავების საქმის ორი გამომძიებელი მოწმის სახით დაიკითხა.

მისივე თქმით, გამომძიებლებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მათ გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს.

პროკურორის განმარტებით, კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ლევან ქარდავამ და სხვა ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შემდეგ ჯემალ შამათავას ბრალდება.

„ლევან ქარდავას ბრალდების მხარე არ ედავება, რომ მან საგამოძიებო უწყებას რაიმე უკანონო დავალება მისცა, ბრალდება მას ედავება განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ ლევან ქარდავამ და სხვა ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შემდეგ მოხდა ჯემალ შამათავას ბრალდება.

საქმის გარემოებების მიხედვით, ლევან ქარდავამ წარადგინა ჯემალ შამათავა საგამოძიებო ორგანოში. ბრალდების მხარის კითხვა გამახვილდა იმაზე, რომ იმ დროისთვის ქარდავა ითვლებოდა უმაღლესი თანამდებობის პირად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, შესაბამისად, არც სამსახურებრივად და არც სხვა რაიმე გარემოებებიდან გამომდინარე, მას არ უნდა დავალებოდა ისეთი ვითარება, რაც დაკავებული პირის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაყვანას გულისხმობს.

სწორედ ამ ვითარებიდან ჩანს მისი დაინტერესება ამ საქმეში, რომ უშუალოდ იმ საქმეზე, რაზეც ის ახდენდა მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნას, მოახდინა ჯემალ შამათავას მიყვანა საგამოძიებო ორგანოში“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ცნობით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.

გამოძიების ინფორმაციითვე, ჯემალ შამათავამ ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას და სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაიგეგმა უკანონო ქმედებები, რომლის განხორციელებაშიც გამოძიების მტკიცებით, აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები – ლევან ქარდავა, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი.

შეგახსენებთ, ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.

დატოვე კომენტარი