კოკა კაციტაძე - პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით
კოკა კაციტაძე - პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით

მოქალაქეობის დაკარგვის ან აღდგენის ფაქტი სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

როგორც კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას აქვს დაწყებული და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება!

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედის უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში 29 მაისს ჩავიდა.