პროკურორი - ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით აღუკვეთეს თავისუფლება
პროკურორი - ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით აღუკვეთეს თავისუფლება

ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე მუხიანში, ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, – ამის შესახებ პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა გატაცების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„გატაცებული იქ ორი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ კი ნაქირავები „ტოიოტას“ მანქანით გადაიყვანეს წყალტუბოში, სოფელ მაკლაკში, სადაც საწოლზე დააბეს, მოგვიანებით კი გატაცებულის მამას დაურეკეს და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სამი მილიონი ლარი მოსთხოვეს“, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, საქმეში დევს შემდეგი სახის მტკიცებულებები: ​თემქისა და მაღლაკის სახლების დათვალიერების ოქმები, მოწმეების ჩვენებები, მანქანის დათვალიერების ოქმები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები. სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

„საქმეში მონაწილე გარკვეული პირების ვინაობა დასადგენია, მათ შორის ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედი მდედრობითი პირის ვინაობა. დასადგენია ვინმე ასტამურას ვინაობა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის მითითებით საქმეში თანამზრახველია. დასადგენია პირი, რომელმაც უშუალოდ დაურეკა გატაცებულის მამას სამი მილიონი ლარის მოთხოვნით. ასევე დასადგენია პირი, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო დატყვევებულის კადრები და ჩაწერეს მოთხოვნები, რომლებიც ასევე გატაცებულის მამისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ სხვა თანამზრახველების ნაწილი აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ“, – განაცხადა პროკურორმა.

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული ათი პირიდან ხუთი გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

აქედან ერთს გატაცების გარდა, ბრალად ედება​ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო კიდევ ერთ ბრალდებულს – ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა და ოჯახში უვნებლად დააბრუნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.