პროკურორი აცხადებს, რომ აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება არასწორია
პროკურორი აცხადებს, რომ აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება არასწორია

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბრალდებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

როგორც პროკურორი ამბობს, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ის საფრთხეები, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებდა, დღეს აღარ არსებობს.

ბერძენიშვილის თქმით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარე საკუთარ პოზიციას დაადასტურებს.

„მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი მუქარის, იძულების და ქრთამის მიცემის, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. სასამართლომ განიხილა მათი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვების საკითხი, თუმცა მიიჩნია, რომ ის საფრთხეები, რაც არსებობდა პირველი წარდგენის სხდომაზე, დღეს აღარ არსებობდა. ბუნებრივია, მე ვერ დავეთანხმები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ის საფრთხეები, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებდა – მოწმეებზე ზემოქმედება, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, დღეს აღარ არსებობს. ეს საფრთხეები კვლავ ძალაში არსებობს და ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება სასამართლოსი არის არასწორი.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია მტკიცებულებად მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, მათ შორის დაზარებული ნათესავის გამოკითხვის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები როგორც ბალისტიკური, ასევე ბიოლოგიური. ბუნებრივია, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარე დაადასტურებს საკუთარ პოზიციას“,- განაცხადა პროკურორმა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.