ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც ცხრა საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თავდაპირველად ადვოკატებმა მათი გათავისუფლება ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოითხოვეს, ალტერნატივად კი მოსამართლეს გირაო და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.

საბოლოოდ გირაოს თანხა მოსამართლემ 10 ათასი ლარით განსაზღვრა, ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლა და თანხის გადახდა 40-დღიან ვადაში დაავალა. დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად კი მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოდ აფასებენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.