პროკურორი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი შესაძლოა, დამატებით გამოიკითხოს
პროკურორი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი შესაძლოა, დამატებით გამოიკითხოს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოიკითხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა გიორგი ოსაძემ სასამართლოში სპორტის ყოფილი მინისტრის გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

„მოწმე ლევან ყიფიანი, რომლის დამატებითი დაკითხვა გახდა საჭირო, დაიკითხა სასამართლოს წინაშე, დაისვა ყველა ის შეკითხვა, რაც გამოძიების მხრიდან იყო საჭირო. მოწმემ ისაუბრა აუდიოჩანაწერების დამზადება-გავრცელების გარემოებებთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში, როგორ მოხდა მათი დამზადება-გავრცელება. რაც შეეხება მეტს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა გიორგი ოსაძემ.

კითხვაზე, ლევან ყიფიანის გამოკითხვისას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზე თუ დაისვა კითხვები, პროკურორმა აღნიშნა, რომ კითხვები ყველა გარემოებაზე დაისვა.

„კითხვა დაისვა ყველა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რაც გავრცელებული იყო აუდიოჩანაწერში, თუმცა შინაარსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გიორგი ოსაძემ.

პროკურორის თქმით, ლევან ყიფიანს კითხვა „თი-ბი-სი ბანკში“ მისვლისა და თანხის გატანის შესახებაც დაუსვეს.

„მოწმეს დაესვა შეკითხვა თანხის გატანასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით თანხის მიზნობრიობაზე, დანიშნულებაზე ისაუბრა, თუმცა კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, როგორ, რა ვითარებაში მოხდა, ვერ მოგახსენებთ“, – დასძინა გიორგი ოსაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ყიფიანი დამატებით გამოიკითხოს, ასევე თუ იგეგმება ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა, პროკურორმა აღნიშნა:

„თუ საჭიროება იქნება, ლევან ყიფიანი დამატებით დაიკითხება. ასევე, თუ საჭიროება იქნება, გამოძიების მიერ დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლებელია, ინფორმაციას ფლობდეს ამ საქმეზე“, – განაცხადა გიორგი ოსაძემ.

ლევან ყიფიანი დღეს საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. რაც შეეხება ბანკს, ყიფიანმა განაცხადა: „მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა „ოჯთ-“ის, თუ „ბეემვე-ს” ოფისში, სად წავიდა ეს ფული, ჩემთვის უცნობია“.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.