პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს  მიმართა
პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

პროკურატურა საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობით საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს მიმართა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, შვიდი საათისთვის ჩაინიშნა.

საქმეს მოსამართლე დავით კურტანიძე განიხილავს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.