პროკურატურამ აჭარაში მცხოვრებ მძღოლებს ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანები დაუბრუნა
პროკურატურამ აჭარაში მცხოვრებ მძღოლებს ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანები დაუბრუნა

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, პროკურატურამ მთიან აჭარაში მცხოვრებ მძღოლებს ჩამორთმეული სატვირთო ავტომანქანები დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მძღოლები და უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ავრცელებენ.

„15 სატრანპორტოს საშუალება, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდნენ მეპატრონეები და გუშინ მათ ეს მოთხოვნები წაუყენეს აჭარის პროკურატურასა და მთავრობას, დღეს დაუბრუნეს. ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ ყველა მეპატრონეს გადასცა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მათ გადაეცათ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მათთვის საარსებო წყაროს წარმოადგენდა და 11 თვე იყო დალუქული“, – განაცხადა პირველ არხთან თამაზ ბაკურიძემ.

მძღოლებმა გუშინ საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან, შემდეგ კი მთავრობის სახლთან გამართეს. მათი განცხადებით, სხვადასხვა დროს ისინი ხე-ტყის გადატანისთვის დააჯარიმეს, თუმცა ჯარიმის გადახდიდან ცხრა თვის შემდეგაც პროკურატურა მათ არ უბრუნებდა ჩამორთმეულ საკუთარ სატვირთო ავტომანქანებს.