პროკურატურა მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.  საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 18:00 საათზე ჩაინიშნა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

„2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლ.ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.