პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. ადვოკატების დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განმარტა, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო.

„ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ვიტყვით, შეგვიძლია, გამართულად ვთქვათ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი არაფერი არ აქვს. ამიტომაც, მათ ვერაფერი თქვეს ვერც დასკვნით სიტყვებში. ისინი ზედაპირულად შეეხნენ მტკიცებულებებს, მათ არ ჰქონდათ არგუმენტები, რაც სასამართლოს რამეში დაარწმუნებდა.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რა თქმა უნდა, მათი დასაბუთება ერთნაირია. აცხადებენ იმას, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს არ ჩაუდენიათ დანაშაული, რაც არ დასტურდება. ჩვენი მოლოდინია მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, დაიკითხა 100-მდე მოწმე, გამოვიკვლიეთ არაერთი მტკიცებულება. მათ შორის მთავარი – სამედიცინო ექსპერტიზა, რაც ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი წყალში ჩააგდეს“,- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დღეს დაასრულა. ხვალინდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, ასევე არაა გამორიცხული, რომ ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლემ განაჩენიც გამოაცხადოს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.

დატოვე კომენტარი