ავტორიტეტულმა პორტალმა „გრეისნოუთმა“ (Gracenote) გამოაქვეყნა თავის პროგნოზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე. წარმოდგენილი რეიტინგი ბოლო დიდი ტურნირების შედეგებს ეფუძნება.
პროგნოზის მიხედვით, როგორც ბოლო ექვსი ოლიმპიადიდან ხუთში, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლას ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს. ამასთან, ამერიკელები 47 ოქროთი, 32 ვერცხლითა და 44 ბრინჯაოთი გააუმჯობესებენ ოთხი წლის წინანდელ შედეგს (46-37-38 რიო-დე-ჟანეიროში).
მეორე ადგილზე იქნება ჩინეთის ნაკრები (35-21-20), რომელიც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს რიოს მაჩვენებლებს (26-18-26).
მესამე ადგილზე ოლიმპიადის მასპინძელი – იაპონიის ნაკრები გავა. მისგან ელიან 31 ოქროს, 24 ვერცხლსა და რვა ბრინჯაოს.
მეოთხე პოზიციას დაიკავებს რუსეთი – 18 ოქრო, 23 ვერცხლი და 25 ბრინჯაო.
ბრიტანეთის ნაკრები, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მეორე იყო, ამჯერად, მეხუთე ადგილამდე დაეშვება (14-14-18).
ტოპ-ათეულში ასევე შევიდნენ: ჰოლანდია (14-7-11), გერმანია (13-11-16), ავსტრალია (12-20-12), საფრანგეთი (10-16-15) და იტალია (7-15-12).