პროფესორ ინგოროყვას ჩარევა ფასდაუდებელი აღმოჩნდა - ბულგარეთის ნაკრების ექიმმა ნედელევის მდგომარეობაზე ისაუბრა #1TVSPORT
პროფესორ ინგოროყვას ჩარევა ფასდაუდებელი აღმოჩნდა - ბულგარეთის ნაკრების ექიმმა ნედელევის მდგომარეობაზე ისაუბრა #1TVSPORT

თბილისში ავარიის დროს დაშავებული ტოდორ ნედელევის მდგომარეობაზე „მატჩ ტელეგრაფთან“ ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ექიმმა ბისერ ბოჩევმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ბულგარეთში მიიწვიეს პროფესორი შოთა ინგოროყვა, რომელმაც ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„როდის არის მოსალოდნელი ტოდორ ნედელევის მოედანზე გამოჩენა? ასეთი პროგნოზები არ მიყვარს. დაზიანება ძალიან სერიოზული იყო და სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ეს ფსიქოლოგიურ მომენტსაც უკავშირდება. ფეხბურთზე საუბარი მაქსიმუმ 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის ტოდორისთვის ყველაზე მთავარია, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, ის ფეხბურთს დაუბრუნდება“, – ამბობს ბოჩევი.

მისი თქმით, პროფესორ ინგოროყვას მალე პლოვდივში ელიან.

„ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყველა ღონე იხმარა, რომ ტოდორი სახლში და თავის კლუბში იყოს. პროფესორი ინგოროყვა, რომელმაც ტოშკოს თბილისში ოპერაცია გაუკეთა, მის გამოჯანმრთელებას დისტანციურად აკვირდება. ჩვენ ის მოვიწვიეთ პლოვდივში, რათა ნედელევი მოინახულოს და მის გამოჯანმრთელებაზე საექსპერტო დასკვნა დაწეროს. კიდევ ერთხელ მადლობა პროფესორ ინგოროყვას, რომლის ჩარევაც ტოდორისთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა“.

მან ასევე განმარტება გააკეთა, თუ რა გახდა მიზეზი, რომ მხოლოდ ნედელევი დაშავდა, როდესაც მის გვერდით იყვნენ ნაკრების კიდევ სამი წევრი – დესპოდოვი, ნედიალკოვი და მილანოვი.

„პირველ რიგში, მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ არავინ დაშავებულა, რადგან მართლაც მძიმე ავარია იყო. მეორე ავტობუსის ზემოქმედება პირველ ავტობუსზე იყო ზუსტად იქ, სადაც ტოდორი იჯდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც შემთხვევის ზუსტ მიზეზებსა და გარემოებებს დაადგენს. მოხარული ვარ, რომ შევძელი დახმარება“.