პრეზიდენტთან შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვა
პრეზიდენტთან შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, გიორგი მარგველაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, კონსტიტუციონალისტმა,  ჯონი ხეცურიანმა განაცხადა.

ამასთან, მან დადებითად შეაფასა კონსულტაციების პროცესი და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსულტაციების გამართავსთან დაკავშირებით სწორი იყო.

„ამ პროცესს, რაც დღეს შედგა,  დადებითად ვაფასებ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას ღირსეული კანდიდატურის შერჩევა და ამაში დახმარება უნდოდა.  პრეზიდენტს კონსტიტუციური მოვალეობა აკისრია, რომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა წარუდგინოს. ამ პროცესში დახმარება ითხოვა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, უნდობლობა კი არა, მზაობა არ გამოხატა იმისთვის, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო. დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ მათ არ ევალებათ ამ მოვალეობის შესრულება, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და კანდიდატი პრეზიდენტმა თავად უნდა შეარჩიოს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

მისი განმარტებით, საუბარია იურიდიულ პასუხისმგებლობაზე.

„მათ, ვინც კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებდა, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. იურიდიულ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, თავისთავად, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტზე მოდის, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ჩვენ შეიძლება, შევთავაზოთ, მაგრამ პრეზიდენტმა უარი თქვას. გადაწყდა, რომ ეს კონსულტაციები და პროცესი დასრულდა,  რადგან დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა მზაობა არ გამოხატა, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – განმარტა ხეცურიანმა.

ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს. დღეს გამართულ შეხვედრაზე კი, კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით დღეს შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება შეხვედრის მონაწილე იურიდიული წრეებისა და არასამთავრობოებისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა.

დატოვე კომენტარი