პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა [ფოტო]
პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა [ფოტო]

საქართველოში ვიზიტით მყოფ უნგრეთის პრეზიდენტს, იანოშ ადერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოუწყვეს.

ღონისძიებაში საპატიო ყარაულმა მიიღო მონაწილეობა.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ უნგრული და ქართული მხარე ერთმანეთს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვდებიან და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრებენ, როგორიცაა – პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურული კავშირები და ა.შ. შეხვედრის ბოლოს უნგრეთის და საქართველოს პრეზიდენტები პრესკონფერენციას გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

უნგრეთის პრეზიდენტს დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტშიც ელოდებიან, სადაც იანოშ ადერს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენის დათვალიერება. იანოშ ადერი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალსაც შეამკობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ადერი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია. უნგრეთის ლიდერს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.