პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - კონსულტაციებს გავივლი სალომე ზურაბიშვილთან, დათანხმდება თუ არა 15 მარტს პარლამენტში გამოსვლას
მიკვირს, როცა პრეზიდენტს სიტყვა აქვს სათქმელი, არავინ იცის, რა მოხსენება უნდა გააკეთოს და ამაზე იყო ორსაათიანი მსჯელობა ბიუროზე. გაკვირვებული ვარ. ვერ გამოვიტანე დასკვნა, რატომ შეიძლება, ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან უნდა გაიაროს კონსულტაციები საკითხზე, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტი, რომ პარლამენტში 15 მარტს გამოვიდეს.
„ბიუროს სხდომაზე დასმული იყო ერთადერთი საკითხი – ხვალ პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა გამართულიყო. ამ საკითხს თითქმის ორი საათი დაეთმო. პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში შემცირებულიყო პოლარიზაცია და პროცესები დისკუსიის რეჟიმში ყოფილიყო. როცა ორსაათიან გაუგებარ დისკუსიას იწვევს ის, რაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ ყოველწლიურად წარდგეს პარლამენტის წინაშე და გააკეთოს მოხსენება, სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე აქედან დასკვნა, რატომ შეიძლება ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის.
რაც შეეხება იმას, 15 მარტს დათანხმდება თუ არა გამოსვლას, ამ საკითხზე მასთან უნდა გავიარო კონსულტაციები. ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტი ისჯება, უბრალოდ, მიკვირს, როცა მას სიტყვა აქვს სათქმელი და არავინ იცის, რა მოხსენება უნდა გააკეთოს და ამაზე იყო ორსაათიანი მსჯელობა. მართლა გაკვირვებული ვარ. პრეზიდენტს რა აქვს სათქმელი და უნდა თქვას, ეს იცის მხოლოდ პრეზიდენტმა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ცნობისთვის, ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ანგარიშის 5 მარტს მოსმენის საკითხს მხარი არ დაუჭირეს, სავარაუდო დროდ მომდევნო სასესიო კვირა განიხილება.