პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულებზე გამოცხადებული მორატორიუმი კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულებზე გამოცხადებული მორატორიუმი კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულებზე გამოცხადებული მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და პატიმართა შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა. ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებებზე გამოცხადებული მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გააუქმა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა.

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მაშინდელი მინისტრის, კახა კახიშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრისას, გამოითქვა მზადყოფნა შეწყალების კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლის შეყვანის თაობაზე, თუმცა, სამთავრობო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციარული სისტემის წარმომადგენლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

პრეზიდენტმა დღეს 83 მსჯავრდებული შეიწყალა.

ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის განხილვაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გაირკვა, რომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ადრე ნასამართლევი და ციხიდან შეწყალებით გათავისუფლებული იყო.