პრეზიდენტმა 83 პატიმარი შეიწყალა
პრეზიდენტმა 83 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 პატიმარი შეიწყალა, ამის შესახებ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 40 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 43-ს კი, სასჯელი შეუმცირდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. მან შეიწყალა 83 პატიმარი. შეწყალების კომისია 2018 წლის 23-დან 27 ივლისის ჩათვლით მუშაობდა, რომელმაც 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა. პრეზიდენტმა განიხილა შესაბამისი რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა 83 მსჯავრდებული“, – განაცხადა ქორიძემ.

შეწყალებულთა შორის სამი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და ერთი უვადო მსჯავრდებულია.

„83 მსჯავრდებულს შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. სულ შეწყალებულთა შორის არის სამი ქალი მსჯავრდებული, მათგან ერთი დღესვე გათავისუფლდება, ხოლო ორს შეუმცირდათ სასჯელი. არის ერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულიც“, – განაცხადა ქორიძემ.