პრემიერლიგის სარეკორდო ტრანსფერი - მოიზეს კაისედო 133 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბრაიტონის“ ეკვადორელი ნახევარმცველი მოიზეს კაისედო კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
21 წლის ფეხბურთელისთვის უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე „ჩელსიმ“ და „ლივერპულმა“ „სატრანსფერო ომი“ გააჩაღეს. რამდენიმე დღის წინ „ლივერპული“ „ბრაიტონს“ შეუთანხმდა, რომ 128 მილიონი ევროს სანაცვლოდ კაისედო იურგენ კლოპის გუნდში გადავიდოდა, თუმცა გარიგება თავად მოთამაშემ ჩაშალა.
მოიზეს კაისედოს მხოლოდ „ჩელსიში“ სურდა თამაში და სხვა ვარიანტს კარიერის გასაგრძელებლად არც განიხილავდა. საბოლოოდ, ის პრემიერლიგის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერის მთავარი მონაწილე გახდება – ლონდუნური კლუბი გარიგებისთვის 133 მილიონ ევროს გადაიხდის.
რომანოს ცნობით, „ჩელსიმ“ უკვე ჩანიშნა სამედიცინო შემოწმება, ხოლო ფეხბურთელთან კონტრაქტს 2032 წლამდე გააფორმებს. თუ ლონდონური კლუბი მოთამაშეს გაყიდის, სატრანსფერო თანხიდან პროცენტს „ბრაიტონიც“ მიიღებს.