პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.

როგორც ექიმმა ალექსანდრე ცისკარიძემ განაცხადა, პაციენტისთვის ახლა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება. მისი თქმით, ე.წ. კვების აღდგენის პერიოდი თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის მიხედვით მკაცრად უნდა გაიწეროს.

„მივდივართ გორის ჰოსპიტალში. უნდა შევხვდეთ კოლეგებს და ცხადია, უნდა ვნახოთ პაციენტი. მოგეხსენებათ, ახლა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება პაციენტის მდგომარეობაში, ე.წ კვების აღდგენის პერიოდი, რეფიდინგი, რომელიც ძალიან მკაცრად უნდა იყოს გაწერილი თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის მიხედვით. ვფიქრობ, ჩვენს კოლეგებთან ერთად მოვახერხებთ ჩამოვაყალიბოთ პაციენტისთვის საუკეთესო სქემა. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგთა ჯგუფის ადგილზე მუდმივად ყოფნა გარკვეულწილად იმის საშუალებას მოგვცემს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ მკურნალობა ადეკვატური და თანამედროვე იქნება. როგორც ვიცი, გორის ჰოსპიტლის სამედიცინო შემადგენლობა ძალიან მაღალკვალიფიციურია. რაც უფრო ფართო მონაწილეობა იქნება, მით უფრო ნაკლები იქნება უყურადღებობის ან შეცდომის შანსი და პაციენტის გამოსავალიც მნიშვნელოვნად უკეთესი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.

ამასთან, როგორც ექიმმა ელენე გიორგაძემ აღნიშნა, გორის ჰოსპიტალში კონსილიუმის წევრები შეხვდებიან ექიმებს და შეაფასებენ პაციენტის მდგომარეობას, რათა იმის მიხედვით დაიწყოს კვება.

„რთულია ახლა მდგომარეობის შეფასება, რადგან პაციენტს როდესაც ვნახულობდით, ნუტრიენტებითა და ვიტამინებით მაქსიმალურად ვცდილობდით და ვავსებდით ორგანიზმს. 5 ნოემბრის შემდეგ, როდესაც პაციენტმა გამოაცხადა, რომ ჩვენთან შეხვედრა არ უნდა, არანაირი კონტაქტი მასთან არ გვქონია. პაციენტი გუშინ პირველად დათანხმდა, რომ შიმშილს შეწყვეტს. მიმაჩნია, რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე კარგ კლინიკებად სამხედრო ითვლება და არა მგონია, საქართველო გამონაკლისი იყოს. შევხვდებით იქაურ ექიმებს, გავუზიარებთ გამოცდილებას, შევაფასებთ პაციენტის მდგომარეობას და იმის მიხედვით დავიწყებთ კვებას. წინასწარ პროგნოზის გაკეთება, რას დავუნიშნავ დღეს ან ხვალ, არ შემიძლია, ვიდრე არ ვნახავ მის კლინიკურ კვლევებს“, – განაცხადა გიორგაძემ.

ექიმ ნინო შარაშენიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში გამოცდილი ექიმთა გუნდი მუშაობს.

„ჩვენ პირველივე დღიდან გამოვთქვით მზაობა, მიგვეღო მონაწილეობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში. მივდივართ გორში, რომ მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, მივცეთ გარკვეული რჩევები, თუ ამ რჩევებს საჭიროებენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საავადმყოფოში მუშაობს ძალიან გაწვრთნილი და გამოცდილი ექიმთა გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება გეგმას და გრაფიკს, ეს გადაწყდება დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი პაციენტების მართვას. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, ალბათ იქნებიან, რადგან ამ კომისიაში მხოლოდ ჩვენი ოთხი ექიმის ჩართულობა აღარ იქნება საკმარისი, მას დასჭირდება მუდმივად მეთვალყურე ექიმთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს და გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

გუშინვე, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას და გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჰოსპიტალში განთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას.

ამასთან, გუშინვე გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველანაირი სახის სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება.