პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია - რონალდო ეროვნულ ნაკრებს არ დატოვებს #1TVSPORT
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია - რონალდო ეროვნულ ნაკრებს არ დატოვებს #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წასვლით დაიმუქრა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში კი ეს ინფორმაცია უარყვეს. ყველაფერი დაიწყო სტატიით, რომელიც გამოცემა Record-მა დაბეჭდა.

პორტუგალიური გამოცემა Record-ი ამტკიცებდა, რომ კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს პორტუგალიის თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდოს გუნდის დატოვება სურდა, როდესაც გაიგო, რომ შვეიცარიასთან 1/8-ფინალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდა.

„შვეიცარიასთან მატჩის წინა საღამოს ნაკრების მწვრთნელს, ფერნანდო სანტოშსა და კრიშტიანო რონალდოს შორის ძალზე მწვავე საუბარი გაიმართა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა წასვლითაც დაიმუქრა. მერე რონალდომ უკან დაიხია და მიხვდა, რომ ახლა ასეთი დიდი განხეთქილების დრო არ იყო“, – ამტკიცებდა გამოცემა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია სწრაფად უარყო და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

„პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანო რონალდოს კატარში მიმდინარე ტურნირზე გუნდის დატოვების სურვილი არასდროს გამოუთქვამს“.

Record-ი არის პორტუგალიის სამი ძირითადი სპორტული გამოცემიდან ერთ-ერთი, A Bola-სა და O Jogo-სთან ერთად. რონალდოს არყოფნას მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პორტუგალიელების მთავარი მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშის ტაქტიკური მოსაზრებებით ამართლებენ.