პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - წარმატების მიღწევას ჩვენი თამაშის სტილითა და ტექნიკური თვისებებით შევეცდებით #1TVSPORT
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი - წარმატების მიღწევას ჩვენი თამაშის სტილითა და ტექნიკური თვისებებით შევეცდებით #1TVSPORT

2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ ჩემპიონატზე ისაუბრა.

„შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ვაჩვენეთ ჩვენი თამაშის სტილი, კრეატიულობა, დაცვის საიმედობაა. ეს საშუალებას მოგვცემს, ნებისმიერ გუნდთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ფიზიკურად ძლიერ და სწრაფ გუნდებთან წარმატების მიღწევას ჩვენი თამაშის სტილითა და ტექნიკური თვისებებით შევეცდებით.

ტიტულისთვის ბრძოლის ამბიციას რაც შეეხება, მთავარი აქცენტი ინდივიდუალური და კოლექტიური თვისებების ჩვენებაზე უნდა გადავიტანოთ. ბოლო დროს მოვახერხეთ კლასის დემონსტრირება, ევროპის ჩემპიონატზეც ამას შევეცდებით და თუ კარგად გავაკეთებთ, მიზანთან ახლოს ვიქნებით. უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა მხოლოდ კლასზე, არამედ თავდადებაზე, რომლის გარეშეც წარმატება არ მოდის, ამ თვისებით ტიტულის მოპოვებასთან უფრო ახლოს ვიქნებით.

25-კაციანი სიიდან საბოლოო განაცხადში 23 მოთამაშე მოხვდება. ორი დამატებითი მოთამაშე იმიტომ გამოვიძახეთ, რომ ფრანსისკო კონსეისაოს, ალფონსო სოუზასა და ფაბიო ვიეირას პრობლემები ჰქონდათ. რთული პერიოდია, ზოგიერთი მოთამაშე დასვენებაზე ფიქრობს და ძალიან რთული იქნება 15 დღის განმავლობაში ტონუსის შენარჩუნება“, – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა.

პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფშია და სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებს. პორტუგალიელები 21 ივნისს საქართველოს ნაკრებს ეთამაშებიან, 24 ივნისს – ნიდერლანდებს, ხოლო 27 ივნისს ბელგიას შეხვდებიან. ყველა მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თბილისში გუნდი 15 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გამოემგზავრება.

ევროპის ჩემპიონატს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ფინალი ბათუმში გაიმართება.