უცხოურ მედიაში | ანალიტიკური წერილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე - ქართულ ფეხბურთში ბევრ სასიკეთო ძვრას დავინახავთ #1TVSPORT
უცხოურ მედიაში | ანალიტიკური წერილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე - ქართულ ფეხბურთში ბევრ სასიკეთო ძვრას დავინახავთ #1TVSPORT

Total Football Analysis-მა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა. მისი ავტორი მოქმედი საფეხბურთო სკაუტია და არა ემოციებით, არამედ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით წერს. ის დარწმუნებულია, რომ მალე, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ რამდენიმე მოთამაშე გამოიჩენს თავს.

საქართველოს „ოქროს თაობას“, კვარაცხელიას გარდა, კიდევ სამი მარგალიტი უერთდება

„საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლისას შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია. მასპინძლებს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი უჭერდა მხარს. ქართველები A ჯგუფში პორტუგალიასთან გამარჯვებისა და ბელგია-ნიდერლანდებთან ფრეების შედეგად პირველ ადგილზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ტურნირი მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში წაგებით დაასრულა, ჩემპიონატზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები გამოჩნდნენ.

ბევრი მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შედეგი მოულოდნელი იყო და, შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ სინამდვილეში, თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ქართულ ფეხბურთში ბევრ სასიკეთო ძვრას დავინახავთ.

„ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გააჩინა – საქართველოს ეროვნულ ლიგაში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრი ნიჭიერი ქართველი ასპარეზობს.

სკაუტური ანგარიშის სახით წარმოდგენილ ანალიტიკურ სტატიაში სამ მოთამაშეზე შევჩერდებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეროვნულ ნაკრებს დიდი სარგებლობა მოუტანონ.

გიორგი მოისწრაფიშვილი – „დინამო თბილისი“

21 წლის ფეხბურთელი თავისი თამაშით ამტკიცებს, რომ შესწევს უნარი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს საქართველოს ნაკრებისთვის. მოისწრაფიშვილს შეუძლია ითამაშოს შემტევი და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ზურიკო დავითაშვილი – „ბორდო“

ის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა „ბორდოსთვის“ და საქართველოს ნაკრებისთვის. შეტევების გარდა, დავითაშვილი აქტიურად ეხმარება დაცვას. ზურიკოს კარიერა და მისი გამორჩეული გამოსვლები სხვადასხვა კლუბში მას საინტერესო მოთამაშედ აქცევს.

ირაკლი აზაროვი – „ცრვენა ზვეზდა“

მან დაიმკვიდრა ადგილი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ და გამორჩეული როლი ითამაშა კლუბის მიერ მოპოვებულ ტიტულებში. აზაროვი არის მარცხენა მცველი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შეტევის განვითარებაში და საფრთხე შეუქმნას მეტოქეს. მისი ფლანგური პასები მეტოქისათვის ყოველთვის სახიფათოა“.