პოლონური მედია - ლევანდოვსკიმ უნგრეთის წინააღმდეგ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო არ ითამაშა, მისით გუნდიც უკმაყოფილოა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა უნგრეთთან რობერტ ლევანდოვსკიმ გამოტოვა. პოლონური გამოცემა sport.se ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელის მნიშვნელოვან მატჩში არყოფნის მიზეზი ნაკრებში მომხდარი სკანდალია.
შეგახსენებთ, უნგრეთთან პოლონეთის ნაკრები დამარცხდა (1:2) და მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში შედარებით დაბალი რეიტინგით მოხვდა. მუნდიალზე მოხვედრა გაცილებით რთული იქნება, რადგან თეორიულად უფრო რთულ მეტოქესთან თამაში მოუწევს.
„პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა პაულო სოუზამ და უპირველეს ყოვლისა რობერტ ლევანდოვსკიმ ბავშური შეცდომები დაუშვეს. მწვრთნელმა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე ყველაზე დიდი ვარსკვლავი არ ათამაშა. მეორემ კი გულშემატკივარი გააბრაზა. უნგრეთთან მატჩის წინა შაბათ-კვირას ის დაბადების დღეზე იყო, ორშაბათს კი, მატჩის დღეს, ფილმის გადარებაში მონაწილეობდა. ამ ყველაფერზე ბევრი ჭორი გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანის მტკიცებით, ვარჯიშის დროს ლევანდოვსკისა და სოუზას შორის კონფლიქტი მოხდა და უნგრეთთან მატჩი კაპიტანმა ამიტომ გამოტოვა. ნაკრებში კარგად ინფორმირებული ადამიანი გვაცნობს, რომ ლევანდოვსკისა და სოუსას შორის კონფლიქტი ესკალაციის ზღვარზე იყო“, – ამტკიცებს პოლონური გამოცემა.
sport.se ასევე წერს, რომ ლევანდოვსკის სხვა ფეხბურთელებთან ურთიერთობა დაეძაბა.
„ასევე არის ინფორმაცია, რომ გუნდის დანარჩენი წევრები უკმაყოფილო იყვნენ, რომ ლევანდოვსკიმ გუნდი ასეთ მნიშვნელოვან მომენტში დატოვა. მეტიც, ყველამ დაინახა, რომ „ბაიერნის“ მოთამაშეს ანდორასა და უნგრეთთან მატჩებს შორის ბევრი არასაფეხბურთო საქმე ჰქონდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნგრეთთან მატჩში ლევანდოვსკის გუნდში არყოფნაზე შესაძლოა გავლენა იქონია მიუნხენის „ბაიერნმა“, რომელსაც დასვენებული ფეხბურთელის დაბრუნება სურდა. ამის შესახებ სპეკულაცია უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმაც გააძლიერა, რომელიც ამბობდა, რომ გერმანული კლუბები თავიანთ ფეხბურთელებს თამაშების გამოტოვებას სთხოვენ“.