დაზვერვის საკითხებში პოლონეთის მინისტრ-კოორდინატორი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას არ დაესწრება

13:21, 24.06.2026

დაზვერვის საკითხებში პოლონეთის მინისტრ-კოორდინატორი ტომაშ სემიონიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას არ დაესწრება.

სიემონიაკი ასევე არ იზიარებს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარცინ პრჟიდაჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კონფერენციაზე არდასწრების შესახებ ზელენსკის გადაწყვეტილება, „პრემიერ-მინისტრ ტუსკის დაცინვაა“.

„ერთი თვის წინ, რა თქმა უნდა, პასუხი იქნებოდა: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი აქ არ არის, ის აქ უნდა იყოს. დღეს, როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ამ ვითარებაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაძაბულობის განმუხტვას უწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრი სვირიდენკო, მთავრობის მეთაური, უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, დაესწრება ღონისძიებას და პრეზიდენტ ზელენსკის ყოფნასთან დაკავშირებული დაძაბულობა არ იქნება“, – განაცხადა სემიონიაკმა.

ცნობისთვის, 23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას არ დაესწრება. ინფორმაცია უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

უკრაინელ და პოლონელ მაღალჩინოსნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ზელენსკი თანახმაა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდება მიენიჭოს. ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, „თეთრი არწივის“ ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა – ვიქტორ იუშჩენკომ, ლეონიდ კუჩმამ და პეტრო პოროშენკომაც განაცხადეს.

როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

მსგავსი