„პოლიტიკო” - საფრანგეთში არეულობის ფონზე, ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს
„პოლიტიკო” - საფრანგეთში არეულობის ფონზე, ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს

საფრანგეთში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ სოციალურ მედიაში მოეწყო „ძალადობრივი შეკრებები“, რომლებიც დაკავშირებულია 17 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან და „ეს ერთგვარი სიმულაციური ძალადობაა.”

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, წაშალონ ძალადობრივი შინაარსის ტექსტები და მიაწოდონ სამართალდამცავებს ინფორმაცია მომიტინგეების შესახებ, რომლებიც იყენებენ სოციალურ მედიას არეულობის გასაღვივებლად.

„მე ველოდები, რომ ეს პლატფორმები პასუხისმგებელნი იქნებიან”, – თქვა მაკრონმა.

როგორც „პოლიტიო“ წერს, ფრანგულმა სატელევიზიო არხმა, BFMTV-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგიერთმა სოციალურმა ქსელმა, როგორიცაა TikTok-ი, გაავრცელა ვიდეო ჰეშთეგებით, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობრივ ქმედებებთან. მედიის ცნობითვე, პოლიციამ დაადასტურა, რომ პროტესტი კოორდინირებული იყო მესენჯერების საშუალებით, როგორებიცაა WhatsApp-ი და Telegram-ი.

ცნობისთვის, 17 წლის ნაჰელი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. მედიის ცნობით, გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის შემდეგ საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. ამასთან, საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა.