პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილმა რუსმა ჰაკერმა საქართველოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა
თბილისში დაკავებულმა რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სუმბაევს კიბერდანაშაული და რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობა ედება ბრალად.
დაკავებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რუსეთში ექსტრადაციის შემთხვევაში შესაძლოა, სასჯელის უმაღლესი ზომით დასაჯონ. ადვოკატი ამბობს, რომ იაროსლავ სუმბაევი კიბერდანაშაულს აღიარებს, თუმცა გამომძიებლის მკვლელობაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
კიბერდანაშაულისთვის 2015 წლიდან ძებნილი სუმბაევი თბილისში რამდენიმე დღის წინ ყალბი პასპორტის გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისთვის დააკავეს. რუსეთის მოქალაქე მხოლოდ პირველ ბრალდებას ეთანხმება. ადვოკატის ინფორმაციით, 28 წლის იაროსლავ სუმბაევი თბილისში ოჯახთან ერთად 7-8 თვის წინ ჩამოვიდა.