თბილისის პოლიციის #4, დიდი დიღმის განყოფილებაში სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ჭანტურია გამოკითხვაზე მივიდა.
გრიგოლ ჭანტურიამ გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
სწორედ „ლ ჯგუფმა“ ააშენა 2017 წელს საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, თუმცა ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.