შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.ი. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ შ.ი. მომხდარიდან მალევე, ქალაქ რუსთავში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ უკანონოდ დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.