პოლიცია ხურვალეთის საგუშაგოსთან მყოფ აქტივისტებს მოუწოდებს, რომ სოფლის მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ
პოლიცია ხურვალეთის საგუშაგოსთან მყოფ აქტივისტებს მოუწოდებს, რომ სოფლის მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ

სოფელ ხურვალეთში, პოლიციის საგუშაგოსთან სამართალდამცველებმა კორიდორი გააკეთეს და ადგილზე შეკრებილებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა მოსთხოვეს.

სამართალდამცველმა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელიც საგუშაგოსთან არიან შეკრებილები, მოუწოდეს, რომ ადგილობრივებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე რჩებიან და აცხადებენ, რომ 12:00 საათისთვის გეგმავენ იმ ადგილზე შესვლას, სადაც მათი თქმით, გუშინ რუსი სამხედროები შენიშნეს.

„ვფიქრობთ, რომ პოლიცია არ მოგცემს შესვლის შესაძლებლობას. ვესაუბრე ლუდა სალიას, ის ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა და იქ რუსების გადაადგილება არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მინდა, საკუთარი თვალით ვნახო არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.