პოლიცია ახალ ზელანდიაში ყველა მეჩეთის დროებით დახურვას ითხოვს
პოლიცია ახალ ზელანდიაში ყველა მეჩეთის დროებით დახურვას ითხოვს

პოლიცია ახალ ზელანდიაში მოქმედი ყველა მეჩეთის დროებით დახურვას ითხოვს. სამართალდამცველები ასევე აცხადებენ, რომ დინს-ავენიუსა და ლინვუდ ავენიუზე მდებარე ორ მეჩეთში თავდასხმა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კრაისტჩარჩის მეჩეთებზე თავდასხმის გამოსაძიებლად და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ინციდენტი იყო. ჯერ თავდასხის მოტივზე არაფრის თქმა შეგვიძლია. გამომძიებლები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. ამასთან დაკავშირებით, ვითხოვეთ, რომ ყველა მეჩეთი დროებით დაიხუროს და მოქალაქეებმა ასეთ ადგილებში მისვლისგან თავი შეიკავონ,“ – აღნიშნულია ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებაში.

კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 40 ადამიანი. ათეულობით ადამიანი დაიჭრა.

ცოტა ხნის წინ მომხდარს გამოეხმაურა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი. მან დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო ავსტრალიელი, რომელიც ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა.

კრაისტჩერჩში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მობილიზებულია სამართალდამცველთა დამატებითი ძალები. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ავტომობილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე.

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.

კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს.