პოჩეტინო ჟურნალისტებისგან მეტ პატივისცემას მოითხოვს
პოჩეტინო ჟურნალისტებისგან მეტ პატივისცემას მოითხოვს

მილანის „ინტერთან“ წაგების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელები დაიცვა და ჟურნალისტებს მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა. მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ წაგების გამო ფეხბურთელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი – კირან ტრიპიერი და ტობი ალდერვაირელდი – მილანში საერთოდ არ წაიყვანა და არგუმენტად „ტექნიკური მიზეზები“ დაასახელა. მათ ნაცვლად სასტარტოში სერჟ ორიე და დავინსონ სანჩესი იყვნენ, რომლებმაც მხოლოდ 86 წუთის განმავლობაში გაამართლეს მწვრთნელის ჩანაფიქრი, შემდეგ კი „ინტერმა“ ორი გოლი გაიტანა და თითქმის წაგებული თამაში სათავისოდ შემოატრიალა.

სწორედ ამას მოჰყვა უხერხული შეკითხვები, რომლებიც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელს დაუსვეს. ჟურნალისტებმა პოჩეტინოს მიანიშნეს, რომ დელე ალისა და უგო ლორისის არყოფნაში (ტრავმების გამო), მის მიერ ჩატარებული დამატებითი ექსპერიმენტები უადგილო იყო, რის გამოც არგენტინელი სპეციალისტი გაღიზიანდა.

„რატომ გავაკეთე ასე? ისინი (ტრიპიერი და ალდერვაირელდი) „ლივერპულის“ და „უოტფორდის“ წინააღმდეგ იყვნენ მოედანზე და ამიტომ ადვილი სამიზნეები არიან“, – განაცხადა პოჩეტინომ, – „მოდით, ფეხბურთზე ვისაუბროთ. თქვენ ახლა მავალდებულებთ, რომ ვთქვა ისეთი რამ, რისი თქმაც არ მინდა და რაც ჩემთვის მიუღებელია. თქვენ უპატივცემულობას იჩენთ მოედანზე მყოფი ფეხბურთელების მიმართ. თქვენ შეგიძლიათ ჩემს მიერ სასტარტო შემადგენლობის შერჩევა გააკრიტიკოთ, მაგრამ ფეხბურთელებს ნუ დაადანაშაულებთ, ძალიან გთხოვთ“.

საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელი გახდა, გუნდმა ზედიზედ სამი თამაში პირველად წააგო.