პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირების დაბარება 50 დეპუტატს შეეძლება, მათი დასწრება კი სავალდებულო იქნება
პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირების დაბარება 50 დეპუტატს შეეძლება, მათი დასწრება კი სავალდებულო იქნება

პარლამენტის 50 წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარების შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადნენ.

პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო მოწვევას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, 4 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი კომიტეტის, ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით, სავალდებულო წესით, პლენარულ სხდომაზე იწვევს – მთავრობის წევრს, ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან, სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცენ და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინონ.

ინიციატივის გათვალისწინებით, აღნიშნული პირი პარლამენტის წინაშე როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს წარსდგება და იმ საკითხზე ისაუბრებს, რომლებიც მას აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღის გადაეცა.

რაც შეეხება პროცედურას, თანამდებობის პირს სიტყვით გამოსვლისთვის 30 წუთი მიეცემა, რის შემდეგაც 30 წუთის განმავლობაში, პარლამენტის წევრებს უფლება ექნებათ, მოხსენების თაობაზე მას შეკითხვებით მიმართონ და პასუხები მოისმინონ. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა- პასუხის შემდეგ, პოლიტიკური დებატები გაიმართება. რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტს პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრის მოწვევაზე გადაწყვეტილების მიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედით შეუძლია, თუმცა ეს ვალდებულებას არ წარმოადგენს.