პიტერ სიიარტო – დილა მშვიდობისა, ურსულა ფონ დერ ლაიენ, თითქმის ორმოცდაათი დღის შემდეგ ევროკომისიამ შენიშნა, რომ ორი წევრი სახელმწიფო უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის ქვეშ იმყოფება

19:30, 17.03.2026

დილა მშვიდობისა, ურსულა ფონ დერ ლაიენ. თითქმის 50 დღის შემდეგ ევროკომისიამ შენიშნა, რომ ორი წევრი სახელმწიფო უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის ქვეშ იმყოფება და ახლა ვითარების მოგვარებას გვპირდება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიიარტოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „პოლიტიკური თეატრის“ დასრულებისა და უნგრეთის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებს.

„ნუ მოტყუვდებით. ეს პოლიტიკური თამაშია. ყოველი ნაბიჯი კიევსა და ბრიუსელს შორის კოორდინირებული იყო. მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი წყვეტს პრობლემას, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდა. მოვუწოდებთ ზელენსკის და ფონ დერ ლაიენს, შეწყვიტონ ეს პოლიტიკური თეატრი. უნგრეთის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადა დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელ „იქსზე“.

მანამდე გავრცელდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება აღდგეს, რასაც კიევი დათანხმდა.

განცხადების თანახმად, „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.

„უკრაინელები ამ წინადადებას მიესალმენ და მიიღეს. ევროპელი ექსპერტები მზად არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, უნგრეთსა და სლოვაკეთში „დრუჟბის“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. უკრაინული მხარის განცხადებით, ნავთობსადენი რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს პოლიტიკური მიზეზებით ნავთობის მიწოდების შეწყვეტაში ადანაშაულებენ.

მსგავსი