პიშომ ბომონტს გამარჯვება მიულოცა - „მსოფლიო რაგბის“ კვლავ ინგლისელი უხელმძღვანელებს
„მსოფლიო რაგბის“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 12 მაისს უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა არგენტინელმა აგუსტინ პიშომ, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, კონკურენტ ბილ ბომონტს სოციალურ ქსელში გამარჯვება მიულოცა. როგორც აღმოჩნდა, დამატებითი ყრილობის საჭიროება აღარ არსებობდა, შესაბამისად შედეგები დაგეგმილზე 10 დღით ადრე გახდა ცნობილი. ოფიციალური მონაცემით, ბომონტმა 28 ხმა მიიღო, პიშომ 23. გამარჯვებისთვის კანდიდატს 26 ხმა სჭირდებოდა.
„გილოცავ, ბილ. ამჯერად დავმარცხდი. მთელი გულით მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, – წერს პიშო.
შეგახსენებთ, რომ ბილ ბომონტს „ექვსი ერის“ ქვეყნები უჭერდნენ მხარს, ხოლო პიშოს კი სანზაარის (SANZAAR) წარმომადგენლები. უცხოური მედია ვარაუდობდა, რომ კანდიდატებს შორის ხმები თანაბრად იყო განაწილებული. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, რომლებსაც სამი-სამი ხმა აქვთ, ორი ხმის უფლება ჰქონდათ იაპონიას და რეგიონულ ასოციაციებს (როგორებიცაა „რაგბი ევროპა“ და „რაგბი აზია“), ხოლო მეორე რანგის შვიდ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს – თითო ხმის.