პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი - წითელ ბაღში მოზარდების დაპირისპირება სკოლის ბანკეტს არ უკავშირდება
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი - წითელ ბაღში მოზარდების დაპირისპირება სკოლის ბანკეტს არ უკავშირდება

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ჯერ ბანკეტზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, – ამის შესახებ პირველ არხს სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა.

დირექტორი მიუღებლად მიიჩნევს “წითელ ბაღში” მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის უფლებადმცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოზარდებს შორის ინციდენტი შესაძლოა, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ბანკეტის დაგეგმვას მოყოლოდა.

“ადვოკატის კომენტარს მეც საინფორმაციო საშუალებებიდან გავეცანი. ვერსია ბანკეტის დაგეგმვის შესახებ,  ჩემთვის და მთელი სკოლისთვის მიუღებელია, რამეთუ სკოლაში ბანკეტთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს მსჯელობა და გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ დამრიგებელი საერთოდ საქმის კურსში ყოფილიყო. უკვე ვესაუბრე დამრიგებელს და ცალსახად ის არ არის საქმის კურსში და მეტსაც გეტყვით, ეს არის მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობა. ეს მოზარდები არიან ზრდასრული პიროვნებები, ეს ამბავი მომხდარია არა სკოლის პერიოდში და არა სკოლის პირობებში. მე ოთხი წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ და ეს ბავშვები სამი წელია სკოლიდან გადასულები არიან. პოლიციასს ჯერ რაიმე კითხვებით სკოლისთვის არ მოუმართავს და სკოლის მიღმა თუ ვინმე დაიკითხება, არ ვიცით. ვიცი, რომ მისი მეგობრები დაიკითხნენ და ეს ბუნებრივია, რადგან თუ გავრცელებული ვერსია ბანკეტის შესახებ სიმართლეა, ნამდვილად ყველა უნდა დაიკითხოს“, – განაცხადა ბარაბაძემ.

ერთ-ერთი მსუბუქად დაჭრილი მოზარდის ადვოკატის თქმით, “წითელ ბაღში” მომხდარი ინციდენტის მიზეზი, სკოლის ბანკეტის დაგეგმვა იყო.

შეგახსენებთ, 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე გუშინ საღამოს წითელ ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაჭრილი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.