პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების დირექტორებმა დიღმის სამმართველო უკომენტაროდ დატოვეს
პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების დირექტორებმა დიღმის სამმართველო უკომენტაროდ დატოვეს

პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების დირექტორებმა დიღმის მთავარი სამმართველოს შენობა დაახლოებით სამსაათიანი გამოკითხვის დასრულების შემდეგ დატოვეს.

მანანა თურქაძისა და ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, ​მათ გაუთქმელობის პირობა აქვთ დადებული, რის გამოც გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

ორივე სკოლის დირექტორები საგამოძიებო უწყებაში ადვოკატების გარეშე იმყოფებოდნენ.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

თბილისის პროკურატურამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.​

სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე არასრულწლოვანი კი მიმალვაში იმყოფებოდა და სამართალდამცველებს დღეს ჩაბარდა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.

მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ხუთი პირი მისცა.