პირველი არხის პირდაპირ ეთერში 26 აპრილიდან ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები გადაიცემა
თელ-ავივი დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. საქართველო კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ ვაჟთა გუნდით არის წარმოდგენილი და საქართველოს ნაკრები თელ-ავივში სრული და უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს.
დღეს გამარჯვებულები ვაჟებში 60 და 66 კგ. წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
კენჭისყრის შედეგად 60კგ-ში მოჭიდავე ორივე ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებს.
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ამირან პაპინაშვილი მეორე წრეში ბულგარელ ვალენტინ ალიპიევსა და ბელგიელ ჟორან შილდერმანსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლუხუმ ჩხვიმიანი კი აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლისა და რუს ოლიმპიურ ჩემპიონსა და ევროპის პირველობის სამგზის გამარჯვებულ ბესლან მუდრანოვს შორის წარმატებულის მეტოქე იქნება. ამავე ჯგუფში იჭიდავებს თურქეთის სახელით მოასპარეზე გად ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი).
პაპინაშვილისა და ჩხვიმიანისგან განსხვავებით ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში პირველივე წრეში გერმანელი მიშელ ადამსის მეტოქე იქნება.
18:00 საათიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრების რეპორტაჟი გადაიცემა.