პირველი არხი 2022 წლის შეჯამებას აქვეყნებს
პირველი არხი 2022 წლის შეჯამებას აქვეყნებს

საქართველოს პირველი არხი 2022 წლის შეჯამებას აქვეყნებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და აუდიტორიას მრავალფეროვან  პროდუქტებს ყველა პლატფორმაზე სთავაზობს.

„2022 წელს ჩვენი მიზანი ქართული პროდუქტის შექმნის წახალისება იყო.  გარე წარმოების პროექტების დაფინანსებაზე 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეთერის 30 პროცენტი შეადგინა. წარმოების ახალი მოდელი, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ, საშუალებას გვაძლევს, ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ”, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

2022 წელს პირველი არხის ეთერი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს მასპინძლობდა, ასევე შემოდგომის სეზონზე, პირველად ქართულ ტელესივრცეში, მაუწყებელმა მაყურებელს ორი ქართული მხატვრული სერიალი შესთავაზა.

წინა წელს გარე წარმოების პროდუქტებზე 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც მთლიანი ეთერის 30 პროცენტს შეადგენს. 3 მლნ ლარი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში, პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ გადაცემის პლატფორმაზე განხორციელდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ბევრი ადამიანის დასაქმებასა და კარიერულ ზრდას გულისხმობს.

წინა სეზონზე ყველაზე პოპულარული ქართული ონლაინ თამაშის, „მარტივი ლოგიკა“ ახალი ვერსია გაეშვა. 2022 წელს აპლიკაცია 1TVPLAY  140 000-მა მომხმარებელმა ჩამოწერა. აპლიკაციის საშუალებით „ტელესკოლის“ მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 4000 მოსწავლე ჩაერთო საქართველოს ყველა რეგიონიდან.

2022 წელი არხისთვის განახლებული ვიზუალური იდენტობის შექმნით, მრავალფეროვანი გარე აქტივობებით და ციფრული პროდუქტების განვითარებით იყო გამორჩეული.

საქართველოს პირველი არხი მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჩართულობით, დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

მაუწყებლის მიზნები და ამოცანები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ვემსახუროთ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებით; ვქმნიდეთ საუკეთესო პროდუქტს ეროვნული ღირებულებების დაცვით, საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანისა და ფასეულის წარმოჩენით.